საქართველოში ვის გადაეცემა თავისუფალი მედიის პრემია?

© photo: Sputnik / Stringerტელეკომპანიების მიკროფონები
ტელეკომპანიების მიკროფონები - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2025
გამოწერა
აგვისტოში ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. პატიმრობაში მყოფი ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიას (Free Media Awards) მიიღებს.
მზია ამაღლობელი ბათუმში, 12 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე მაშინდელ პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი) დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ) და 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ნორვეგიულმა ფონდმა Fritt Ord Foundation-მა და ორგანიზაცია ZEIT Stiftung Bucerius-მა თავისუფალი მედიის პრემიის 6 ლაურეატი დაასახელეს, მათ შორისაა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:
მედია-პლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
საგამოძიებო ონლაინ-მედია Direkt 36 (უნგრეთი)
ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი).
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი გახდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და ჯილდოვდება ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის.
„პრიზები გადაეცემა ექვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, უკიდურესად რთულ ვითარებაში მათ მიერ განხორციელებული გმირული საგამოძიებო ჟურნალისტიკის აღიარების ნიშნად. რეგიონში ავტორიტარული რეჟიმები აფართოებენ თავიანთ არეალს და წლევანდელი პრემიის ორ ლაურეატს ცოტა ხნის წინ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მათი ჟურნალისტური ძალისხმევის გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამაღლობელი პირველი ქალი-ჟურნალისტია საქართველოში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს.
თავისუფალი მედიის პრიზის გადაცემის ცერემონია ჰამბურგში 6 ნოემბერს გაიმართება.
პრემია Free Media Awards ორი ევროპული ფონდის, ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის ინიციირებული და ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. სილის გაწვნის ინციდენტი, ასევე ამაღლობელის შემდგომი დაკავება, პირდაპირ ეთერში ქართული ტელეარხებით გადაიცა.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი საქართველოში ყველაზე სკანდალური გახდა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ამაღლობელის აქტიური მხარდაჭერის გამოც.
მის გათავისუფლებას ითხოვდნენ როგორც ევროპარლამენტი, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მის სასამართლო პროცესს ევროპის ქვეყნების არაერთი ელჩიც კი დაესწრო.
ამაზე საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველოში ნებისმიერი დანაშაული კანონით უნდა დაისაჯოს. მათი აზრით, არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც სამართალდამცველის მიმართ ძალადობა დაუსჯელი რჩება.
ყველა ახალი ამბავი
0