„რთველი 2025": კახეთში 16 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

© National Wine Agency of Georgiaრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2025
გამოწერა
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 9 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში ღვინის საწარმოებმა 16 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე კი რთველი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც აქტიურ ფაზაში გადავა.
ამ ეტაპისთვის საკოორდინაციო შტაბში 300-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის „ცხელი ხაზზე" – 0322 193 283.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.
შესყიდვის ფასები განისაზღვრა შემდეგნაირად: კახეთის რეგიონში მოწეული „საფერავის" ჯიშის ყურძენი – 1,50 ლარი, "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშები – 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძენი, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1 ლარი; დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1 ლარი.
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია" 50 მლნ ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მლნ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.
ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება. სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წელს დანერგა და მას შემდეგ ეფექტურად ფუნქციონირებს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და სანდო მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0