პრემიერი: წელს 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ველოდებით

© National Wine Agency of Georgiaყურძნის მოსავალი
ყურძნის მოსავალი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2025
გამოწერა
ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: „საფერავის" ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს 1 ლარად
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერას და ამ კუთხით, ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს.
„წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათასი ტონა და იმისათვის, რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მადლობა მინისტრ დავით სონღულაშვილს რთველთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადოდ ორგანიზებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, საკოორდინაციო შტაბში 300-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს. რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: „საფერავის" ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1 ლარად და ასევე 1 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.
მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია" 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მილიონ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.
ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება. სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წელს დანერგა და მას შემდეგ ეფექტურად ფუნქციონირებს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და სანდო მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0