პრემიერი : ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე ინტერესი ძალიან მაღალია

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტროს შენობა
განათლების სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2025
გამოწერა
სტაჟირების პროგრამა, რომელიც სახელმწიფო უწყებებზე ვრცელდება, ოთხი თვე გრძელდება და მასში მონაწილოება 3 ათასზე მეტ ახალგაზრდას შეეძლება.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. წელს სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე 18,8 ათასზე მეტმა კურსდამთავრებულმა შეიტანა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 1-ლი სექტემბრიდან გამოცხადდა და 10 სექტემბერს დასრულდება. აღნიშნული პროგრამის შემოღების ინიციატივით პრემიერი ირაკლი კობახიძე იანვარში გამოვიდა - მისი თქმით, ეს ახალგაზრდების დასაქმებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა.
„გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. მთლიანობაში გამოცხადებულია 3.147 ვაკანსია, ინტერესი არის ძალიან მაღალი. უკვე 18 800-ზე მეტ კურსდამთავრებულს აქვს შემოტანილი განაცხადი. დარწმუნებული ვარ, წელს ეს პროექტი კიდევ უფრო მეტი წარმატებით განხორციელდება. თითოეულ სტაჟიორს, მინდა, წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს ანაზღაურებადი სტაჟირების პროექტი სპილოტე რეჟიმში წარმატებით განხორციელდა.
პროგრამა წელსაც გაგრძელდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში გამოცხადდა.
სტაჟირების გავლას მოქმედი სტუდენტები და ის ადამიანები შეძლებენ, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური დაასრულეს. სტაჟირებაზე აპლიკანტების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მათი აკადემიური მოსწრება იქნება. აუცილებელია ქულათა საშუალო მაჩვენებელი მინიმუმ 71 იყოს, GPA კი - 2.7. ამასთან, უწყებები, სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს კი შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება – საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.
ყველა ახალი ამბავი
0