გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliკახეთი
კახეთი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2025
გამოწერა
2025 წელს ინვენტარიზაციის სამუშაოები გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, ჯამში, 127 ათას ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდება
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს 2025 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები 29 ათას ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
ტყეების სახელმწიფო ინვენტარიზაცია გულისხმობს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას - ინვენტარიზაციის მეთოდოლოგია ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას.
სააგენტოს ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი ათი წლისთვის ტყის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც სატყეო სამეურნეო საქმიანობის სწორად და ეფექტიანად წარმართვის საფუძველი გახდება.
საველე სამუშაოებზე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ათი მეტყევე-ტაქსატორია დასაქმებული.
„დღეის მდგომარეობით ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები 870 ათას ჰექტარ ფართობზეა განხორციელებული. განახლებულია მონაცემები ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%-თვის“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ, რომელიც სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, ინვენტარიზაციის სამუშაოების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019-2024 წლებში გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 62 ახალგაზრდა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდა.
საველე სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 605 ათასი ლარია.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წელს ინვენტარიზაციის სამუშაოები სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში, ჯამში, 127 ათას ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდება, რისთვისაც 1,550 მლნ ლარი დაიხარჯება.
ყველა ახალი ამბავი
0