„ევრობასკეტი 2025": ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის სუბსიდირებული რეისი დაინიშნა

© photo: Sputnik / Nina Padalkoთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2025
გამოწერა
საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „ევრობასკეტი 2025"-ის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლასთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანებამ დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
7 სექტემბერს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია - კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრები „ევრობასკეტის" მეოთხედფინალში პირველად ითამაშებს, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - გუნდებს შორის შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
სუბსიდირებული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 10 სექტემბერს, 07:00 საათზე შესრულდება, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრები 11 სექტემბერს დაბრუნდებიან.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დღეს, 20:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
„რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩზე ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.
ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ევრობასკეტი 2025"-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ.
დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საკალათბურთო ნაკრები მიღწეული შედეგისთვის სამ მილიონ ლარს მიიღებს, ამავე ოდენობის ფულად პრემიას მიიღებენ სპორტსმენები ყოველი შემდეგი გამარჯვების შემთხვევაშიც.
ყველა ახალი ამბავი
0