ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი მოეწყო

© photo: Sputnik / Stringerთბილიდი
თბილიდი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2025
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული კვანძის მოწყობით, მნიშვნელოვნად შემცირდება საგზაო შემთხვევების რისკი.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გაუმჯობესებისა და საცობების განტვირთვის მიზნით, აღნიშნული სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.
„ეს იყო ერთ-ერთი რთული მონაკვეთი. საპატრულო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აქ ძალიან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღნიშნული კვანძი სრულად მოწესრიგდა. ქალაქში გვაქვს კიდევ რამდენიმე ასეთი კვანძი, რომელსაც განახლება სჭირდება და ყველას ეტაპობრივად მივყვებით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ განხორციელებული პროექტის ადგილზე გაცნობისას.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განახლდა და რეაბილიტირდა სანიაღვრე ქსელი, ჩატარდა საგზაო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარი, გზის სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა ე.წ ჭკვიანი შუქნიშნები.
„აღნიშნული კვანძის მოწყობით, ქალაქის ერთ-ერთ დატვირთულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო ნაკადების ქაოტურად გადაადგილება მოწესრიგდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საგზაო შემთხვევების რისკს და კვანძს გამტარუნარიანს ხდის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი LED სანათებით, გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ კი ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 931 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 914 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. ასევე ქვეითებისთვის შეიქმნა უსაფრთხო და თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0