„ევრობასკეტი 2025“: ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნა

© photo: Sputnik / Stringerსამგზავრო თვითმფრინავი
სამგზავრო თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2025
გამოწერა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც რიგაში გაფრენამდე თბილისის აეროპორტში „ევრობასკეტი 2025-ის“ გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთს წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 2 გამარჯვებით ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის „ევრობასკეტი 2025-ის “ პლეი-ოფში გადავიდა და მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება. მატჩი რიგაში 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისები 7 და 8 სექტემბერს მთავრობის ინიციატივით დაინიშნა.
უწყების ცნობით, სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების თამაშზეა მორგებული:
თბილისი - რიგა - 7 სექტემბერი, 07: 00 – 10:25
რიგა - თბილისი - 8 სექტემბერი, 19:00 – 00:30
სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინ პლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ.
4 სექტემბერს ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტის" ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ანგარიშით 76:84 დამარცხდა. თუმცა, ნაკრებს მერვედფინალში გასვლის შანსი ჰქონდა.
ამისთვის აუცილებელი იყო ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთს ესპანეთი დაემარცხებინა, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებდნენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე საქართველოს გუნდი გავიდოდა, ესპანეთი და კვიპროსი კი „ევრობასკეტს" დაემშვიდობებოდნენ.
ასეც მოხდა, დაძაბულ ბრძოლაში ბერძნებმა ესპანეთს ანგარიშით 90:86 სძლიეს და საქართველოს ნაკრები ისტორიაში მესამედ გავიდა მეორე ეტაპზე.
C ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველო (2015 წლის შემდეგ პირველად) გავიდნენ. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0