საქართველო და აშშ: ყაველაშვილის ტრამპისადმი წერილმა მედიაში რეზონანსი გამოიწვია

© President of Georgiaმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2025
გამოწერა
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობაში პასიურობა, შესაძლებელია, უბრალოდ სხვა საკითხებზე კონცენტრაციით იყოს განპირობებული
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისკენ ისწრაფვის, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან შეზღუდული ყურადღება, შესაძლოა, ვაშინგტონის დატვირთულ საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგთან იყოს დაკავშირებული, ნათქვამია ამერიკულ გამოცემა Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
1 სექტემბერსვ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პასიურობა „საზოგადოებაში იწვევს დაბნეულობას და ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად თავისუფალი, გულწრფელია ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით". მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი შეიძლება განვიხილოთ, როგორც აშშ-სთან ურთიერთობების გამოსწორების უხერხული, მაგრამ დიპლომატიური მცდელობა. პრეზიდენტ ტრამპის საქართველოს საქმეებში ჩართულობის ნაკლებობა, სავარაუდოდ, შეზღუდული რესურსებითა და ყურადღებით არის განპირობებული“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა „ღრმა სახელმწიფო“ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის შენარჩუნებაში დაადანაშაულა, მიუხედავად ტრამპის მიერ საგარეო დახმარების შემცირების გადაწყვეტილებისა.
მასალის ავტორი ხაზს უსვამს, რომ თბილისს განზრახული აქვს გაატაროს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იქნება ეროვნულ ინტერესებზე, ასევე ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ჩარევის მცდელობების შეკავებაზე.
„საქართველო აშკარად მიისწრაფის, გაკვალოს საკუთარი გზა, რაც მოიცავს, პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაყენებას და შემდეგ იმ საკითხების გადაჭრას, რაც ამჟამინდელ მთავრობას დასავლეთის ქვეყნების მიერ რეჟიმის შეცვლის მცდელობებად მიაჩნია", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან კვლავ რთული რჩება. კერძოდ, აღნიშნულია, რომ თბილისი კვლავ გარკვეულ იზოლაციაშია ევროპული ელიტებისგან „ნაწილობრივ იმ გაუგებარი მიზეზით გაღიზიანებისა და დეკემბრის ჩავარდნილი მცდელობის გამო, როდესაც ისინი შეეცადნენ ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად შეენარჩუნებინათ".
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა კვლავ შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, თავიანთი პირობების გათვალისწინებით, ეს კურსი გააგრძელოს“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლების „პრორუსული“ ორიენტაციის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა და არ ასახავს თბილისის რეალურ საგარეო პოლიტიკურ ხაზს.
ინტელექტუალური სიზარმაცეა საქართველოს მთავრობას „პრორუსული" უწოდო მხოლოდ იმიტომ, რომ მას სურს, თავიდან აირიდოს ქვეყნის ომში ჩათრევა, ნათქვამია სტატიაში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველო მუდმივად თავს იკავებს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს. თუმცა, სტატიის ავტორის თქმით, ეს რუსეთის მიმართ სიმპათიას კი არა, პრაგმატიზმს ასახავს.
Responsible Statecraft-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს. კერძოდ, 2023 წლიდან აქტიურად ვითარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. ქვეყნებმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და შემოიღეს უვიზო რეჟიმი.
ჩინეთი, თავის მხრივ, ზრდის ინვესტიციებს ე.წ. „შუა დერეფნის“ პროექტის განხორციელების ფარგლებში, რომელიც ევროპასთან ვაჭრობის გამარტივებისკენ არის მიმართული.
სტატიის ავტორის აზრით, მიხეილ ყაველაშვილის დონალდ ტრამპისადმი მიმართვა, შესაძლოა, ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებისა და ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებში ბალანსის აღდგენის მცდელობა იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0