„სიძულვილის ენის თავიდან აცილება აუცილებელია“: ცესკოსა და ომბუდსმენის ერთობლივი განცხადება

© CESCOარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2025
გამოწერა
ორივე უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სიძულვილის ენის გამოყენება საზიანოა და ხელს უშლის თანასწორი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. მოვუწოდებთ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ სათანადო, ისეთი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო პერიოდში არაერთხელ დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება.
„საარჩევნო მთლიანობა და ჯანსაღი საარჩევნო გარემო ფუნდამენტურია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. თუმცა როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება, ამ პროცესში ჩართული პირების მიმართ პირადი თავდასხმები და დისკრიმინაციის წახალისება, ეს პირდაპირ ასუსტებს საარჩევნო გარემოს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ნდობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორივე უწყება მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის თავიდან აცილება და მასზე ადეკვატური რეაგირება აუცილებელია საარჩევნო მთლიანობის უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად.
„აღნიშნული კი, თავის მხრივ, არის სამართლიანობისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაციის გამართულ საქმიანობას მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ, ყველა მხარის ხელშეწყობით მას შესაძლებლობა უნდა მიეცეს სიძულვილის ენისგან თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
უწყებები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, კანდიდატებმა, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. ასევე მოუწოდებენ მედიას, საარჩევნო კამპანიების გაშუქებისას გამოავლინონ მაღალი პროფესიული სტანდარტი და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0