მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა

© Sputnik / STRINGERმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2025
გამოწერა
სუს-ის ყოფილმა უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა აგვისტოში დატოვა.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.
მდინარაძის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საკითხის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ტაბატაძემ განმარტა, „უსაფრთხოების მიზნით, რაც რეგლამენტის შესაბამისად ხდება“. მისი თქმით, მდინარაძის საქმიანობა ამ თანამდებობაზე წარმატებული იქნება მისი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების წყალობით.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მდინარაძეს სუს-ის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და აღნიშნულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ზრდის ის ტემპები, რომელიც გვაქვს იმ რეგიონულ გაურკვევლობებში და ტურბულენტობებში, რომელსაც საქართველო გადის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აღნიშნულ თანამდებობაზე მდინარაძემ ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2025 წლის 4 აპრილიდან ხელმძღვანელობდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის ბაზაზე 2015 წელს ჩამოყალიბდა, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული ინსტიტუტების სისტემას, რომელიც უშუალოდ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოებას.
სამსახურის საქმიანობის მიართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების უკანონო ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0