ყაველაშვილი ტრამპს: იმედია საქართველოსადმი თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი და დონალდ ტრამპი
მიხეილ ყაველაშვილი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2025
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც იგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართავს.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მიმართ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პასიურობა საზოგადოებაში იწვევს დაბნეულობას და ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად თავისუფალი, გულწრფელია ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ამერიკელი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება აშშ-სა და საქართველოს ინტერესები.
წერილში ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე ტრამპმა მჭიდრო კავშირები დაამყარა საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანასთან — ხელი შეუწყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას, აქტიურად თანამშრომლობდა თურქეთთან და აღადგინა დიალოგი რუსეთთან. თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ქართულ საზოგადოებაში გაკვირვებას იწვევს.
„ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო... იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად თავისუფალი, გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით", - ნათქვამია წერილში.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მისი თქმით, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, იგი მზადაა, კონკრეტული გზამკვლევის საფუძველზე, ხელი შეუწყოს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას.
„ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა კი, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების დამკვიდრებაა... ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება“, - აღნიშნულია წერილში.
მიმდინარე წლის მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც თბილისის ღია მოწოდებაზე ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებასთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დუმილის გამო შეშფოთება გამოთქვა. პრემიერ-მინისტრის წერილს ვაშინგტონიდან არანაირი პასუხი არ მოჰყოლია.
საქართველო და აშშ
დღეისთვის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებს ფორმალური ხასიათი აქვს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა, შეჩერდა. ამასთან, რიგი ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სავიზო სანქციები დაწესდა.
შეზღუდვები, მაგრამ უკვე ფინანსური, ვაშინგტონმა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დააწესა.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი გახდა საქართველოში მიღებული რიგი კანონები, რომლებიც, ბაიდენის ადმინისტრაციის მოსაზრებით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს“.
დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი ურთიერთობების გადატვირთვისა და თანაბარ პირობებში ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადების თაობაზე, რომელთა შორისაა ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავირეისები. „ქართულ ოცნებას“ აღნიშნულ ინიციატივაზე მკაფიო პასუხი ჯერ არ მიუღია.
ამასთან, რიგი ამერიკელი კანონმდებლებისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების მხარდაჭერით, აშშ-ის სენატში განიხილება ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ინიცირებული MEGOBARI Act. ის ითვალისწინებს მკაცრ შემზღუდავ და სადამსჯელო ზომებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და ზღუდავს კონტაქტებს საელჩოს მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0