ავარიული სახლების ჩანაცვლება: ვარკეთილში 11-სართულიანი კორპუსი აშენდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავარიული სახლები თბილისში. ვარკეთილი
ავარიული სახლები თბილისში. ვარკეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2025
გამოწერა
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარებისას ოჯახებს მუნიციპალიტეტი ქირით გაიყვანს.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის რაიონში, შუამთის ქუჩა N40ა-ში სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ "ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" 2022 წელს დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასი ავარიული სახლია.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება 11-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა, რის შემდეგაც მოსახლეობა გარემონტებული ფართებით დაკმაყოფილდება.
„მოსახლეობას დროებით იჯარით მერია უზრუნველყოფს. შუამთის ქუჩა N40ა-ში აშენებულ ახალ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქ. N12-ის (ყოფილი 109-ე სკოლის შენობა) მოსახლეობას. საუბარია 55 საცხოვრებელ ბინაზე", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი დასრულდა ვარკეთილის მესამე მასივში, მე-10 კვარტლის N9-ში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების მიზნით. მერიის ცნობით, მოხდება აღნიშნულ მისამართზე მდებარე 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი და 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა აშენდება. შედეგად, 44 ოჯახს სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა.
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ითვალისწინებს ავარიული შენობა-ნაგებობების სრულ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი კორპუსების აშენებას.
ყველა ახალი ამბავი
0