ჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო

© photo: Sputnik / Stringerძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2025
გამოწერა
კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში იღებს.
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯილეხით მკვდარი ცხოველების მეპატრონეზე კომპენსაცია გასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კომპენსაცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით გაიცა.
მსხვილფეხა საქონლის დაცემის ფაქტი მიმდინარე წლის ივნისში ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში დაფიქსირდა. სააგენტოს ვეტერინარებმა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დადასტურდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მეპატრონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის შესახებ. მეპატრონემ კომპენსაცია უკვე მიიღო.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ ფერმერებს:
- რომელთა პირუტყვი იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით;
- ინფორმაცია ცხოველისა და ფერმერის შესახებ აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში და ფერმერს უარი არ აქვს ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე;
- ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება
- კომპენსაციის მისაღებად ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად.
ჯილეხი (ციმბირული წყლული) ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის ან მისი ხორცის გამოყენების შედეგად ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.
სააგენტოს ცნობით, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული.
"კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ" წესი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად.
ყველა ახალი ამბავი
0