მზადება ევრობასკეტისთვის: საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა

© photo: Sputnik / Stringerკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2025
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მოახლოებული ევრობასკეტის წინ ბოლო ამხანაგური მატჩი სტუმრად ჩეხეთთან გამართა - 87:100 ჩეხეთის სასარგებლოდ.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც გამოვლენილი არითმიის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს ესპანეთში გადის და გუნდს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში შეუერთდება. ასევე არ უთამაშია გოგა ბითაძეს, სამწვრთნელო შტაბმა მას დასვენების საშუალება მისცა.
შეხვედრის პირველ მეოთხედში ქართველი კალათბურთელები მეტოქეს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ, ხოლო ჩეხეთმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა მეორე მეოთხედში, რომელიც 27:15 მოიგო.
მეორე ტაიმში ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ტემპს მოუმატა, თუმცა მოწინააღმდეგეს ვერ მიუახლოვდა – მესამე მეოთხედი ფრედ, 26:26 დასრულდა, ხოლო ბოლო მეოთხედი – 19:19. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის ნაკრებმა მატჩში 15 სამქულიანი ჩააგდო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო „ტორონტო რეპტორსის“ ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი იყო – მან 22 ქულა ჩააგდო, 14 ქულა ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, 13 – გიორგი შერმადინს, ასევე 13 – დუდა სანაძეს, ხოლო 8 – რატი ანდრონიკაშვილს.
ამგვარად, ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ექვსივე ამხანაგური მატჩი დათმეს.
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთთან ჩაატარებს.
ასევე C ჯგუფში საქართველოს მეტოქეები გახდნენ კვიპროსის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის გუნდები.
ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს ითამაშეს და მე-12 ადგილი დაიკავეს. ეს შედეგი დღემდე საუკეთესოა.
ყველა ახალი ამბავი
0