არჩევნები-2025: ცესკომ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია დაასრულა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2025
გამოწერა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს, ერთდროულად 64 ქალაქსა და რაიონში გაიმართება
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ექვსკაციან ჯგუფს უფლება აქვს საკრებულოში წარადგინოს მერობის ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პარტიებისგან განსხვავებით, ჯგუფებს თავიანთი კანდიდატების რეგისტრაციისთვის გარკვეული რაოდენობის ამომრჩევლების ხელმოწერების წარდგენა დასჭირდებათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ექვს საინიციატივო ჯგუფს შეეძლება მერობის კანდიდატების წარდგენა ბათუმში, ყაზბეგში, ხაშურში, ლენტეხში, სამტრედიასა და ჩხოროწყუში.
ხოლო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საინიციატივო ჯგუფები 39 ოლქში წარადგენენ. დამოუკიდებელი კანდიდატების ყველაზე დიდი რაოდენობა ჭიათურის, ხაშურის, ზუგდიდის, ხულოს, ქობულეთის, მარტვილისა და დუშეთის ოლქებში იქნება.
საინიციატივო ჯგუფებმა თავიანთი კანდიდატები ამომრჩევლების ხელმოწერებით 25 აგვისტომდე უნდა წარადგინონ. ხელმოწერების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0