რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ახალი მონაცემები

CC BY-SA 3.0 / Nc tech3 / POTIფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2025
გამოწერა
ექსპორტმა 3,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-ივლისში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,3%-ით გაიზარდა და 14,2 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 10,3 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 10,8%-ით მეტი.
ექსპორტმა 3,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11,8%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტოვანი სასუქები, წამლები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
2025 წლის იანვარ-ივლისში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (73,1%), შაქრის შემცველი მინერალური ან გაზიანი წყლების (30,6%), მსუბუქი ავტომობილების (24%), ასევე დაუმუშავებელი, ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის ოქროს (17,3), ასევე აზოტოვანი სასუქების (11,6%) ექსპორტი.
ამასთან, წლის დასაწყისიდან დაეცა ფეროშენადნობების (46,7%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (16,6%), და სპირტიანი სასმელების (8,7%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ხელოვნების ნიმუშების: სურათების, ფერწერული ტილოების - 244,469%-ით, მსუბუქი ავტომობილების - 9,5%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების 8,3%-ით იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების - 53,8%-ით, სატვირთო ავტომობილების - 17,8%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების - 5,6%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12,4%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის აზერბაიჯანი, გერმანია, ყაზახეთი, დიდი ბრიტანეთი და სომხეთი.
ყველა ახალი ამბავი
0