„მშვიდობიდან ომამდე ერთი წამია“ - პაპუაშვილის პასუხი ევროკავშირის წარმომადგენლობას

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2025
გამოწერა
დღევანდელ შეშლილ სამყაროში, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ქვეყანა ისე არ დაზიანდეს და განადგურდეს, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ დასაცავიც აღარაფერი დარჩეს, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამ უსაფრთხო მომავლისკენ უნდა მიგვიყვანოს, თუმცა თავად ევროკავშირმა, როგორც სამშვიდობო პროექტმა, პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, რადგან მშვიდობიდან ომამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ეს იყო მისი პასუხი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის 19 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაზე. მასში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა და ევროინტეგრაცია საქართველოსთვის მეტად უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზაა.
„ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი ძალა. ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანია - უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფაა, მაგრამ ეს გზა ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
„უსაფრთხო ნავსაყუდლის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე. წინდახედულობამ და არა სულსწრაფობამ გამოგვატარა ქართველ ხალხს ათასწლეულები“, - აღნიშნა მან.
დღევანდელ შეშლილ სამყაროში, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ის არის, რომ, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე, ფიზიკურად თუ სულიერად ქვეყანა ისე არ დაზიანდეს და განადგურდეს, რომ ევროკავშირში შესულს დასაცავიც აღარაფერი დარჩეს, აღნიშნა მან.
„ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ქარიშხალში შეყვანა“, - განაცხადა მან.
პაპუაშვილის თქმით, თუ ევროკავშირს სურს მშვიდობის პროექტად დარჩეს, არ უნდა მოითხოვოს საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია, არ უნდა დააფინანსოს ექსტრემიზმი, არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში, არ უნდა დასწამოს ქვეყანას ცილი, არ უნდა შელახოს ქვეყნის ტრადიციული ღირებულებები, რაც, პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა გააკეთა.
„თითქოს რა მარტივია სათქმელად და რა რთული ყოფილა გასაკეთებლად, იმიტომ რომ ამას პროპაგანდისტულად დახატული ევროპელობა არ ჰყოფნის, ჭეშმარიტი ევროპელობა სჭირდება, ანუ კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე და თავშეკავება. ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს 75 წლის წინათ გააჩნდათ“, - წერს პაპუაშვილი.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, ამასთან დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0