„ევრობიუროკრატები აბსურდში არიან“ - პრემიერის კომენტარი PACE-ს დეკლარაციასთან დაკავშირებით

© photo : official site of the Parliament of RAPACE-ს სხდომათა დარბაზი
PACE-ს სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2025
გამოწერა
საქართველოს მმართველი პარტია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას განსაკუთრებულ როლს არ ანიჭებს, მაგრამ აცხადებს, რომ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და მზად არის თანამშრომლობისთვის.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ევროპელი ბიუროკრატები სრულ აბსურდში არიან, რადგან ისინი მოითხოვენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მუშაობის შეჩერებას, რაც ქართულმა მხარემ უკვე თავად გააკეთა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც PACE-ს 51-მა დეპუტატმა განაცხადა, თუ საქართველო ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს არ მიაღწევს, ისინი არსებითი საფუძვლით გაასაჩივრებენ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას და მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი. საქართველოს დელეგაციამ ცალმხრივად დატოვა ასამბლეა. განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ რეპრესიების ეს გზა არღვევს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ასამბლეის უფლებამოსილებას.
„ისედაც, საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში, თავადაც ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სამწუხაროდ, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიმდინარე წლის 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას მისი შეჩერების დათქმით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ამის საპასუხოდ, ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვა და თავისი დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაიწვია.
რეზოლუციის პირობების შესრულების ნაცვლად, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ოპოზიციის მაღალი რანგის ლიდერები დააპატიმრეს. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ, ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციის ავტორთა თქმით, ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ არის უწყვეტი კამპანია დემოკრატიული ოპოზიციის აღმოსაფხვრელად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მიზნით.
„ასამბლეამ უნდა დაიცვას თავისი წესები და რეზოლუციები. წევრ სახელმწიფოებში ავტორიტარიზმისკენ უკუქცევის უგულებელყოფა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის საფუძვლებს“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.
როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, მაგრამ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და მზად არის თანამშრომლობისთვის.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს მიერ ქართული მხარის მიმართ გაკეთებული დათქმები აბსურდული, უსაფუძვლო და უსამართლოა. დათქმა მმართველი გუნდის ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია და სცილდება ასამბლეის კომპეტენციას.
10 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში არსებული ვითარება და რეზოლუციის შემდგომი ქმედებები „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებული უფლებამოსილების არსებითი საფუძვლით გასაჩივრებაზე“. რეზოლუცია მიიღეს 89 ხმით სამის წინააღმდეგ, ხუთმა კი თავი შეიკავა. ასამბლეამ ამ რეზოლუციით დაგმო საქართველოს დელეგაციის უარის თქმა PACE-ში მუშაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში სიტუაცია გაუარესებულია.
ყველა ახალი ამბავი
0