ახალი, საქართველოში ყველაზე დიდი სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2025
გამოწერა
სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. გამოცხადდა ტენდერი საქართველოში ფეხბურთისა და რაგბის მატჩებისთვის ყველაზე დიდი სტადიონის პროექტირებასა და მშენებლობაზე, რომელიც 70.000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი, იტყობინება ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური.
თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ახალი სტადიონი აშენდება აეროპორტთან, მშენებლობა 2026 წლის აპრილში უნდა დაიწყოს.
სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.
სტადიონის ტერიტორიაზე, ასევე, გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება. იგეგმება საკონფერენციო, საგამოფენო, დასასვენებელი ზონების, მუზეუმისა და სავაჭრო სივრცის მოწყობა.
„ახალი სტადიონი აშენდება აეროპორტთან, ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ. ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სტადიონთან სწრაფად მისასვლელად დაგეგმილია ახალი სატრანსპორტო კვანძების პროექტირება და მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას“, - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია UEFA ექსპერტებთან ერთად მუშავდება. საერთაშორისო სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობენ პროექტის ყველა ეტაპზე — მათ შორის, სტადიონის სატენდერო ტექნიკური დავალების მომზადებაში. ექსპერტები პროექტში ჩართულნი იქნებიან სტადიონის კონცეფციის შემუშავებიდან მის საბოლოო დასრულებამდე.
სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სტადიონი გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების პერიოდში. ახალი სტადიონის მშენებლობა გააძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას - განვითარდება ტურიზმი, სასტუმროები, კვების ობიექტები და მომსახურების სფერო.
ახალი სტადიონის ფუნქციონირების შედეგად ქვეყანაში შეიქმნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა როგორც სპორტული, ასევე კულტურული ღონისძიებებისთვის, ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვაზე განაცხადს შეიტანს.
დღესდღეობით, საქართველოში ყველაზე დიდი სტადიონი „დინამო არენაა“ - ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი თბილისში. ის დაახლოებით 55 000 მაყურებელს იტევს.
ყველა ახალი ამბავი
0