დიდგორობა-2025: თეთრიწყაროში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

დიდგორი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2025
გამოწერა
დიდგორის ველზე დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურულ-სპორტული ღონისძიებები.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2025“ გაიმართება.
ტრადიციულად დიდგორობა 12 აგვისტოს იმართება იმ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც ქართველებმა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მოიპოვეს.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე, მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს. ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.
11:00 საათზე დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში დაგეგმილია სადღესასწაულო პარაკლისი, რის შემდეგაც დიდგორის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა. დიდგორის ველზე სადღესასწაულო ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.
სტუმრებს დახვდათ საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, კულინარიულ, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშებს. ასევე, იმართება ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წვრთნა და სხვადასხვა სპორტული აქტივობა.
„დიდგორობა 2025"-ის ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან.
დღესასწაულის ისტორია
ისტორიულად დიდგორობა იყო ხალხური რელიგიური დღესასწაული ქართლში, რომელიც იმართებოდა 7 (20) მაისს დიდგორის ველზე, სოფელ დიღომთან. დღეობაზე მიდიოდნენ დიღმის ხეობის, ქართლ-კახეთის ზოგი სოფლისა და თბილისის მცხოვრებნი. დიდგორის მთის ძირში, „მისალოცავში“, საკულტო წესები სრულდებოდა. იქვე კლავდნენ შესაწირს, ნათლავდნენ ბავშვებს და მართავდნენ პურობას.
დიდგორის მთის წვერზე მხოლოდ ის მლოცველები ადიოდნენ, ვისაც წინასწარ ჰქონდა დათქმული. იქ შემონახულია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომლის საკურთხეველთან ადრე აღმართული ყოფილა ფალოსის ქვის გამოსახულება (ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დღეობაზე იმართებოდა ჯირითი. ყველა მოჯირითეს „მოვიდა გორაზე“ (ასე ეწოდებოდა მცირე გორას) ერთხელ მაინც უნდა შეეჭენებინა ცხენი.
ქართლის გარდა დიდგორობა აღინიშნებოდა ხევსურეთშიც.
ყველა ახალი ამბავი
0