ვიდრე ეს გმირები იარსებებენ, საქართველო იარსებებს - მიხეილ ყაველაშვილი შინდისის გმირებზე

© Courtesy of Mikheil Kavelashviliმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2025
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. შინდისის გმირებმა თანამედროვე საქართველოს დაუტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან.
2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები რუსულ ბატალიონთან ბრძოლაში ჩაებნენ, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
„დღეს შინდისში ვართ, რათა პატივი მივაგოთ უვაჟკაცეს მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და ვიდრე ეს გმირები იარსებებენ, ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს, –განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ასეთი გმირობებია იმის ერთგვარი გარანტია, რომ საქართველო უკვდავია.
„კიდევ ერთხელ მინდა მივაგო პატივი ამ მართლაც უვაჟკაცეს გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე, იმდენად სამაგალითო გმირობა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ ხსოვნას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ, ორი მიმართულებიდან შემოიყვანა ჯარი და ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ასევე მიმდებარე ტერიტორიები დაიკავა.
საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს გაფორმდა ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
ყველა ახალი ამბავი
0