უკრაინის კონფლიქტი: პუტინმა ულტიმატუმი არ მიიღო, ტრამპმა სახე შეინარჩუნა

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2025
გამოწერა
რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების სინქრონიზაცია უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე ამერიკული იარაღის მიწოდებისა და პენტაგონის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სადაზვერვო ინფორმაციისა და სატელიტური კავშირის უზრუნველყოფის გაგრძელებასთან ერთად, მეტად არაერთმნიშვნელოვნად გამოიყურება.
მოსკოვმა უარყო ვაშინგტონის ულტიმატუმი, რომელიც კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას არ ითვალისწინებს და ამავდროულად ცდილობს, მიიღოს სარგებელი ნებისმიერი ევროპული სცენარიდან, მათ შორის ნატოსა და რუსეთის მრავალწლიანი პროქსი-ომის გაგრძელებისგან. ამიტომ უკრაინის კონტექსტში, როგორც ბირთვული ესკალაცია, ისე სამშვიდობო გარღვევაც ერთნაირად ნაკლებად მოსალოდნელია.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის 6 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებები სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. განხილვის მთავარი თემები იყო უკრაინის კონფლიქტი და რუსეთ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივები. ორივე მხარის შეფასებით, საუბარი კონსტრუქციული და სასარგებლო იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გუშინ განაცხადა, რომ ამერიკამ „უკეთ გაიგო, რა პირობებითაა რუსეთი მზად სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისთვის“ (სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს), თუმცა ეჭვი გამოთქვა იმაში, რამდენად მზად არის რუსეთი ტრამპთან შესახვედრად.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავის ადმინისტრაციას დაავალა, დააჩქარონ პირდაპირი მოლაპარაკებების ორგანიზება რუსეთის პრეზიდენტთან. როგორც წესი, მაღალი დონის შეხვედრები წინასწარ და დეტალურად შემუშავებული შეთანხმებების დასადებად ტარდება, რომელთაც ამზადებენ დიპლომატები, ჩინოვნიკები და შესაბამისი უწყებების ექსპერტები. ექსპრომტები იშვიათად მისაღებია, თუმცა, გაზეთი The Washington Post აღნიშნავს, რომ ტრამპს „სჯერა თავისი შესაძლებლობების, პირადად მიაღწიოს შეთანხმებებს“. დაველოდოთ და ვნახოთ.
პრეზიდენტების დონეზე უმაღლესი შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, ნათქვამია მხოლოდ, რომ შეხვედრა შედგება „უახლოეს დღეებში“. რაც შეეხება ადგილს, 7 აგვისტოსთვის, როგორც ჩანს, განსაზღვრულია. დიდი ალბათობით, ეს იქნება არაბთა გაერთიანებული საამიროები. ევროპელი მოკავშირეების (და უკრაინის) მონაწილეობა არ არის გათვალისწინებული.
დასავლურმა მედიამ ოპტიმისტურად, თუმცა შინაარსობრივად ზედაპირულად დაადასტურა ტრამპის მზადყოფნა, „უკრაინის საკითხზე“ მომავალ კვირას შეხვდეს პუტინს. იმედების დამყარება მაინც არ ღირს. სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის მეორე დღეს, 6 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ინდოეთისთვის სატარიფო ბაჟები ორჯერ გაზარდა – 50 პროცენტამდე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ინდოეთი „პირდაპირ ან არაპირდაპირ რუსეთის ნავთობს იღებს“, ხოლო რუსეთის ქმედებები უკრაინაში ომის „გაგრძელებით განსაკუთრებულ და საგანგებო საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას“.
რთული გეოპოლიტიკური პრობლემები ექსპრომტად არ გვარდება. უმაღლესი დონის შეხვედრის ორგანიზება რამდენიმე დღეში, უკიდურესად რთულია ყველა პარამეტრით: როგორც მოლაპარაკებების შინაარსობრივი შევსების (დოკუმენტების შეთანხმება), ისე ლოჯისტიკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ტელეკომპანიამ CNN-მა უკვე გამოთქვა ეჭვი, რომ არასაკმარისად მომზადებული ტრამპი, შეიძლება, „პუტინის მახეში აღმოჩნდეს“, რადგან „მიზეზები, რის გამოც პუტინი ომს აგრძელებს, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სტიმული, რომელსაც ტრამპი ომის დასასრულებლად შესთავაზებს“.
ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-ისა და ნატოს პროქსი-ომზე რუსეთის წინააღმდეგ. ამერიკული ფულის, იარაღის, სადაზვერვო მონაცემებისა და Starlink-ის კოსმოსური კავშირის გარეშე, უკრაინის არმია სრულად იქნებოდა დემილიტარიზებული ჯერ კიდევ 2022 წელს. და თუ დღეს პენტაგონის მიერ ჩამოთვლილი ოთხი „საყრდენიდან“ რომელიმეს მოაცილებენ, ხვალ უკრაინის შეიარაღებული ძალების „აღმოსავლეთის ფრონტი“ დაეცემა. თუმცა, უკრაინაში რეალური გზა მშვიდობისკენ აბსოლუტურად მიუღებელია დასავლელი „მშვიდობისმყოფელებისთვის“.
ტრამპი ხშირად ამბობს, რომ „ეს ბაიდენის ომია“, და მკვეთრად შეწყვიტა აშშ-ის პირდაპირი სამხედრო დახმარება კიევისათვის, თუმცა, ნება დართო ევროპელ მოკავშირეებს, თავიანთი სახსრებით შეეძინათ ამერიკული იარაღი უკრაინისთვის გადასაცემად. ახალი არაპირდაპირი მიწოდების სქემა უკვე მოქმედებს. აგვისტოს დასაწყისში ნატოს ოთხმა ქვეყანამ შეიძინა ამერიკული, ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა უკრაინისთვის. ..
აშშ-ის დახმარებით, უკრაინული სასაფლაოები განუწყვეტლივ ფართოვდება. კიევის ხელისუფლება კი უფლებააყრილ მოქალაქე – გლადიატორებს მოუწოდებს, „მზად იყვნენ ხანგრძლივი ომისათვის“. ზელენსკიმ გუშინ დაამტკიცა სუს-ის მიერ შეთავაზებული ტერორისტული აქტების გეგმა რუსეთის ტერიტორიაზე. ნატოს მისიის უსაფრთხოების მხარდაჭერის უფროსის მოადგილემ, ბუნდესვერის გენერალმა მაიკ კელერმა განაცხადა, რომ კიევს სჭირდება შორსმსროლელი იარაღი „რუსეთის წინა ხაზის უკან მდებარე სამხედრო ლოჯისტიკის ობიექტების, მაგალითად, მრეწველობის, აეროპორტებისა და საწვავის საწყობების განადგურებისთვის“. აი, ასეთია ნატოსეული გზა „მშვიდობისკენ“, ანუ სასაფლაოსკენ.
ვაშინგტონი ცდილობს, შეამციროს ნატოსთვის საშიში ესკალაცია, მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე ბალანსირებს. ამიტომ ტრამპი უდიდესი სურვილით არ ეკიდება უკრაინული კონფლიქტის „ძირითად ელემენტებს“ – ტერიტორიულ საკითხებს. აშშ ახლა უკეთ ესმის რუსეთის პირობები უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის. ყველაფერი მართლა ესმით?
ამერიკულმა ჟურნალმა The American Conservative დააფიქსირა: „ბოლო ორ საუკუნეში ევროპულმა სახელმწიფოებმა სამჯერ განახორციელეს თავდასხმა რუსეთზე, რასაც მოჰყვა კოლოსალური ნგრევა და საშინელება. დასავლელმა მოკავშირეებმა დაარღვიეს თავიანთი არაერთგზის მიცემული დაპირება – არ გააფართოონ ტრანსატლანტიკური ალიანსი რუსეთის საზღვრებამდე. ყირიმის დაბრუნების შემდეგ... დასავლეთმა დაიწყო არა უკრაინის ნატოში ჩართვა, არამედ ნატოს შეყვანა უკრაინაში, რაც პუტინს აიძულებდა, პრევენციული დარტყმა მიეყენებინა“. და რაც მთავარია: „აშშ-ის ოფიციალური პირები ანონიმურად, თუმცა გამომწვევად იღებენ პასუხისმგებლობას რუსი გენერლების ლიკვიდაციასა და რუსული გემების განადგურებაზე“.
დასავლეთში აქტიურად განიხილავენ მოსკოვის მიერ შეთავაზებულ პირობებს უკრაინაში მშვიდობისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული გამოყვანა რუსეთის ოთხი ახალი რეგიონის ტერიტორიიდან, ნატოში არ გაწევრების ვალდებულება, ნეიტრალური, ბლოკგარეშე და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სტატუსის შენარჩუნება, შეიარაღებული ძალების შეზღუდვა, რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების გაუქმება. და ამავე დროს, მუდმივად „ავიწყდებათ“ კონფლიქტის საწყისი მიზეზები.
ბანდერეველების იდეოლოგია უნდა განადგურდეს ფუნდამენტურად. სანამ კონფლიქტის პირველადი მიზეზები არ იქნება აღმოფხვრილი, უკრაინაში მშვიდობა არ იქნება. აშშ-ისა და ნატოს ლიდერების „გადაჭარბებული მოლოდინები“ მხოლოდ ახალ იმედგაცრუებასა და კოლექტიური დასავლეთის მორიგ მარცხს მოიტანს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0