პრემიერი: 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2025
გამოწერა
კობახიძის თქმით, ეს დღე შეახსენებს ყველას, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. 2008 წლის 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებაში მყოფმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ტრადიციულად, ამ დღეს პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობენ. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
„ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას... ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია, ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების და არა გარე ძალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, იმისათვის, რომ არ განმეორდეს ასეთი დანაშაულები და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა, და ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ცხრა წელი იყო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე. 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია დაიშალა და ყველა მომდევნო არჩევნებში იმარჯვებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0