არჩევნები 2025: რა ხდება პოლიტიკურ არენაზე

© Sputnik / Alex Shlamovცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2025
გამოწერა
დღეისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 10 პარტიაა დარეგისტრირებული
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, პოლიტიკურ არენაზე კი ვნებები არ ცხრება როგორც არჩევნებში მონაწილეობასთან, ისე კანდიდატებთან დაკავშირებით.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.
ქართულ საინფორმაციო სივრცეში არჩევნების მასობრივი ბოიკოტის თემა ბოლო დრომდე აქტიურად განიხილებოდა, თუმცა საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ არა რადიკალურად.
დღეისათვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 10 პარტია უკვე დაარეგისტრირა.
8 აგვისტოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობენ:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"
„გახარია საქართველოსთვის"
„გირჩი"
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
„კონსერვატორები საქართველოსთვის"
„მამული, ენა, რწმენა“
„ხალხის ძალა“
„მემარცხენე ალიანსი“
„ქართველთა ერთობა“
„მწვანეთა პარტია".
არჩევნებში მონაწილე პარტიების ოფიციალური სრული სია კვირის დასაწყისში გამოცხადდება.
ცესკოში რეგისტრაცია პარტიებს მერობის კანდიდატების წარდგენისა და საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, პარტიებს თავად შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი - კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა 64 ქალაქსა და რაიონში მიიღონ, თუ მხოლოდ გარკვეულ რაიონებსა და ქალაქებში.
პარტიული სიები და კანდიდატები, თბილისის გარდა, თითოეულ ოლქში პარტიის მიერ ცალ-ცალკე იქნება წარდგენილი.
ინტრიგა თუ ტექნიკური ნიუანსები
პარტია „ლელო - ძლიერი საქართველო“, კოალიციური პარტნიორისგან - პარტია „საქართველოსთვის“ განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება გააკეთა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ცესკოში ჯერ არ დარეგისტრირებულა. ამასთან, იგი აქტიურად განიხილავს კოალიციურ პარტნიორებთან მერობის კანდიდატების წარდგენის საკითხს. განსახილველ კანდიდატებს შორის არიან პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ჟურნალისტი გიორგი შარაშიძე და მომღერალი მერაბ სეფაშვილიც კი.
პარტიები პირობას დებენ, რომ საკითხს მერობის კანდიდატების რეგისტრაციის თარიღისთვის, სექტემბრის დასაწყისამდე მოაგვარებენ.
ამ ეტაპზე პარტია „ლელო“ რეგისტრაციის არარსებობის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიებს ეკრძალებათ საარჩევნო ბლოკების შექმნა და, შესაძლოა, ისინი შეთანხმდნენ, რომ ბიულეტენში კოალიციის მხოლოდ ერთი პარტიული ნომერი გამოიყენონ, რათა ამომრჩეველი არ დაიბნეს.
პარტიებმა ეს პრაქტიკა უკვე გამოიყენეს ბოლო არჩევნებში, მაშინ როცა სინამდვილეში ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ რამდენიმე პარტიის კოალიცია იყო.
მაგალითად, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, არის პარტიების - „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გაერთიანება, ხოლო კოალიცია „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ალიანსია. თავად „ლელო - ძლიერი საქართველო“ ბოლო არჩევნებზე პარტიებთან „მოქალაქეები“, „ხალხის ძალა“ და „თავისუფლების მოედანი“ ალიანსში გავიდა.
ბოიკოტი, როგორც პოზიცია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური სურათი რადიკალურად განსხვავდება გასული წლისგან.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მთავრობის თამაშებში მონაწილეობის მიღებას, რომელსაც „არალეგიტიმურს“ უწოდებენ, რადგანაც ისინი არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
ოპოზიცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ტარდება.
თუმცა, ამ კვირაში ოპოზიცია ამაშიც გაიყო - საპროტესტო აქციაზე „ლელოს" წარმომადგენლების გამოჩენამ აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ნეგატივი გამოიწვია, რომლებმაც „ლელოს" მოუწოდეს მხარე აირჩიონ და მიანიშნეს, რომ ერთბაშად ორ ბანაკში თამაში შეუძლებელია.
უცხოური გავლენა
ამასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნებამდე აქტიურად დაიწყეს საუბარი ევროპული სახელმწიფოების ჩარევაზე საქართველოს საქმეებსა და არჩევნებში.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიპლომატებს სპეციალური მიმართვაც კი გაუგზავნა.
„მოვუწოდებ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ქართველი ხალხის უფლებას, გააკეთოს არჩევანი უცხო ქვეყნის ჩარევის გარეშე. ეს არჩევნები იქნება გამოცდა იმის საჩვენებლად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ მხოლოდ ხინკალს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ უცხოურ გავლენებზე განცხადება ადრეც გააკეთა. მათი აზრით, არჩევნებში მონაწილეთა სურათიც კი შეიძლება შეიცვალოს, თუ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე მითითებას მიიღებს.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის ძალის განსაკუთრებულად არ სჯერათ და აცხადებენ, რომ მათ 64-ვე საკრებულოში უმრავლესობა გარანტირებული აქვთ, ამასთან, მათი მერობის კანდიდატები გამარჯვებას პირველივე ტურში მიაღწევენ. პარტიის თავმჯდომარისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პროგნოზით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 56%-ს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0