წამლებს ძვირად ჰყიდდნენ: ფარმაცევტული კომპანიები ნახევარი მლნ ლარზე მეტით დაჯარიმდნენ

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2025
გამოწერა
გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ოთხი ფარმაცევტული კომპანია ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის ჯამში 559,358 ლარით დაჯარიმდა, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) განცხადებაში.
GCCA-მა ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაასრულა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხებოდა - გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას.
სააგენტოს მიერ დამუშავებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა 8 კომპანია, რომლებიც ბაზარზე 14 მედიკამენტთან მიმართებით დომინანტური მდგომარეობით ოპერირებდნენ (საბაზრო წილი 40%-ზე მეტი).
„შესაბამისად, მოკვლევა განხორციელდა შემდეგი კომპანიების მიმართ: შპს „გლობალ ცბს“, შპს „კონცეპტ ფარმა“, შპს „ბარდი“, შპს „ნუვეა ფარმაცევტიკალსი“, შპს „რიჩ გრუპი“, შპს „კროკუს ფარმა“, შპს „გეა“ და შპს BIH", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს მონაცემების თანახმად, 4 კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა - ჭარბი ფასი განისაზღვრა როგორც გონივრულ მარჟაზე (30%) + ფასნამატი (20%-ზე მეტი).
„სააგენტოს პოზიციით, დამრღვევი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. შედეგად, 4 კომპანიის ჯარიმის მოცულობამ ჯამში 559 358 ლარი შეადგინა. საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით", - აღნიშნულია განცხადებაში.
საჯარიმო სანქციები განისაზღვრა მაქსიმალური ლიმიტის - კომპანიების 2024 წლის წლიური ბრუნვის 5%-მდე საფუძველზე, მიყენებული ზიანის მასშტაბის გათვალისწინებით.
ჯარიმის ოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
შპს „გლობალ ცბს" — 249 144ლარი (პრეპარატები: ოფლაბ-ოზი, ჰაიზინი, იორილი -10);
შპს „კონცეპტ ფარმა" — 21 646 ლარი (ფლოკაზოლი);
შპს „რიჩ გრუპი" — 77 936 ლარი (ზინასენი);
შპს „გეა" — 210 632 ლარი (ბისეპტოლი 120 მლ და 480 მლ).
მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირადღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ-კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.
მოკვლევის ფარგლებში GCCA-ის მიერ გაიცა განსაახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. კერძოდ, დომინანტმა ეკონომიკურმა აგენტებმა საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე სააგენტოს განმარტებების შესაბამისად შეაფასონ და გაითვალისწინონ კონკურენციის საწინაღმდეგო რისკები. არასამართლიანად მაღალი ფასის შესახებ გონივრული ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლოა დაიწყოს საქმის მოკვლევა შესაბამისი სუბიექტის წინააღმდეგ.
სააგენტოს განმარტებით, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა.
ყველა ახალი ამბავი
0