მზია ამაღლობელს 2 წლის ვადით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2025
გამოწერა
ბრალი, რომელიც ამაღლობელს აქამდე ჰქონდა წაყენებული („სამართალდამცავზე თავდასხმა"), 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti-სა და Batumelebi-ის დამფუძნებლისა და დირექტორ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად საპატიმრო სასჯელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა - ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს: „პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისწ ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის შემდეგაც იგი ხელმეორედ დააკავეს. სილის გაწვნის ინციდენტი, ასევე ამაღლობელის შემდგომი დაკავება, პირდაპირ ეთერში ქართული ტელეარხებით გადაიცა.
ამაღლობელს ბრალდება სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს („პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა"), რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი საქართველოში ყველაზე სკანდალური გახდა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ამაღლობელის აქტიური მხარდაჭერის გამოც.
მის გათავისუფლებას ითხოვდნენ როგორც ევროპარლამენტი, ასევე მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მის სასამართლო პროცესს ევროპის ქვეყნების არაერთი ელჩიც კი დაესწრო.
ამაზე საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველოში ნებისმიერი დანაშაული კანონით უნდა დაისაჯოს. მათი აზრით, არ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც სამართალდამცველის მიმართ ძალადობა დაუსჯელი რჩება.
ყველა ახალი ამბავი
0