ივანიშვილი: ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის

© political party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2025
გამოწერა
ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართულოი ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლე ეკატერინეს სამძიმრის წერილში.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 4 აგვისტოს გავრცელდა - რეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა. ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის.გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ცნობილი ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძისა და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ვაჟი ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა.
ელდარ შენგელაიამ 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.
შენგელაიამ შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო ფილმ-ზღაპრებით „ლეგენდა ყინულის გულზე“ და „თოვლის ზღაპარი“ (ორივე სურათი ა. სახაროვთან ერთად გადაიღო). 1963 წელს თანამედროვე ქართული სოფლის ცხოვრების ამსახველი „თეთრი ქარავანი“ გადაიღო.
პირველი აღიარება რეჟისორს 1969 წელს გადაღებულმა „არაჩვეულებრივმა გამოფენამ“ მოუტანა. დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი ფილმები „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომლებიც ქართული კინოს შედევრებად არის აღიარებული.
შენგელაიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება: კიევში ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის კინოფესტივალზე პრიზი „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის“ (ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1969), კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1978), კინემატოგრაფიაში მიღწევებისთვის ფარაჯანოვის სახელობის პრემია (ერევანი, IX საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს ატამი“, 2012), წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი (2009), შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია („ექსპრეს-ინფორმაცია“, 1994) და სხვ.
კინორეჟისორს 1988 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1998 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. ის ასევე ფლობდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენს, რომელიც 2013 წელს გადაეცა, ასევე 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ელდარ შენგელაია ასევე ფლობდა შრომის წითელი დროშის ორდენს, ლენინის ორდენს და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს.
ყველა ახალი ამბავი
0