როგორ დავიცვათ თავი ინფექციებისგან: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები

© photo: Sputnik / Stringerტურისტები ბათუმის ბულვარში
ტურისტები ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2025
გამოწერა
ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს საკვებთან და წყალთან დაკავშირებული ინფექციების რისკი, აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ზაფხულის პერიოდში ინფექციებისა და სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს საკვებთან და წყალთან დაკავშირებული ინფექციების - დიარეული დაავადებების, ჰეპატიტი A-ს, ლეპტოსპიროზის, ლეიშმანიოზის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი.
დაავადებებისგან თავის დასაცავად უწყება მოსახლეობას შემდეგი პრევენციული ღონისძიებების დაცვას ურჩევს:
წყალსატევებში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი - ეს შეიძლება გახდეს დიარეით, ჰეპატიტი A-თი ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი.
მოხმარებამდე კარგად შეწვით ან მოხარშეთ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი.
აუცილებელია უმი და მოხარშული პროდუქტისათვის გამოიყენოთ სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა.
ახლადმომზადებული კერძი სასურველია მიირთვათ ცხლად, ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გააცხელოთ/წამოადუღოთ.
არ მიიღოთ უმი, ჭუჭყიანი, გაბზარული, ნახევრად მოხარშული ან სანახევროდ შემწვარი კვერცხი.
არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები.
სალათები მაიონეზით ან არაჟნით უნდა შეზავდეს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ.
მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით; სასურველია მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი ხილი.
დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირებმა მოამზადონ სადილი ან ჩართული იყვნენ სხვა პირის მოვლაში.
სიმპტომების (ტკივილი მუცლის არეში, დიარეა (ფაღარათი), გულისრევა, ღებინება, სისუსტე, უმადობა და სხვ.) გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.
ყოველთვის დაიბანეთ ხელი გამდინარე წყლითა და საპნით საკვების მომზადებამდე, საკვების მიღებამდე, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ.
ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ცხელი ამინდები 9 აგვისტომდე შენარჩუნდება - ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 38, 40 გრადუსს მიაღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0