"მტკიცე სული 2025"-ის ფარგლებში სამეთაურო-საშტაბო და საველე წვრთნები ჩატარდა

© AFP 2024 / VANO SHLAMOV Agile Spirit საქართველოში
 Agile Spirit საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2025
გამოწერა
წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია.
თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების, "მტკიცე სული 2025"-ის ფარგლებში სამეთაურო-საშტაბო და საველე წვრთნები ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "მტკიცე სული" (Agile Spirit) 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს.
სამინისტროს ცნობით, წვრთნები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდა. სიმულაციური სწავლებისას გამოყენებული იყო კომპიუტერული სისტემა (JCATS). ზემდგომ შტაბს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია მართავდა, ხოლო საწვრთნელ აუდიტორიას დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის შტაბი წარმოადგენდა.
სწავლების საველე კომპონენტი ნორიოს საწვრთნელ არეალში განხორციელდა, სადაც მე-2 ქვეითი ბრიგადის შტაბის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, ამერიკელმა სამხედროებმა თავდაცვითი ოპერაცია განახორციელეს.
"შეტევაში საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) პირადი შემადგენლობა გამთამაშებლების დემო ჯგუფის სახით იყო ჩართული. სწავლებაში საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) საბრძოლო ტექნიკამ, ასევე აშშ-ის საფრენმა აპარატებმა და ჰამერებმა მიიღეს მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საველე კომპონენტის ფარგლებში, პირველად მიმდინარეობს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ვალიდაცია. CTC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლები ამერიკულ ქვედანაყოფს დააკვირდნენ. თავის მხრივ CTC-ის ინსტრუქტორებს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა, რომელიც შემდგომში საბრძოლო მომზადების ცენტრისთვის (CTC) ვალიდაციის მინიჭებაზეა პასუხისმგებელი.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება საქართველოში წელს უკვე მეთორმეტედ ტარდება. წვრთნებში მონაწილეობას იღებს 13 ქვეყნის - საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურე. სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები აკვირდებიან.
Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.
წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია.
ყველა ახალი ამბავი
0