რამდენით გაიზრდება ფასები საქართველოში - ეროვნული ბანკის პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerსავაჭრო ცენტრი „კიდობანი“
სავაჭრო ცენტრი „კიდობანი“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2025
გამოწერა
მიზნობრივ, 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ფასების მატება განაპირობებს, იუწყება ეროვნული ბანკი
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. 2025 წელს საქართველოში ინფლაცია 3,8%-ს მიაღწევს, რაც 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბებს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
2025 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4 პროცენტით გაიზარდა.
„სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, წინა კვარტალის პროგნოზის მსგავსად, მეტწილად გლობალურად არსებული ტენდენციებისა და წინა წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, 2025 წელს ინფლაცია დროებით 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და საშუალოდ 3,8 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დასტაბილურდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიზნობრივ, 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ფასების მატება განაპირობებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციისა და გასული წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტის ასახვაა.
„გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ასევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ საგულისხმოა“, - ნათქვამია განცხადებაში.
წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის ივნისი 2024 წლის ივნისთან) საქართველოში 4% შეადგინა.
წინა თვის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის მაისი 2024 წლის მაისთან) საქართველოში 3,5% შეადგენდა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (10,1%), ჯანდაცვაზე (9,4%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (6%), განათლებაზე (4,6%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,6%).
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (13%), ტრანსპორტზე (5,3%), ასევე ავეჯზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სახლის მოვლის საშუალებებზე (1,4%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,8%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,5%).
2025 წლის ივნისში, 2025 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,01% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0