საქართველო IPU-ს კონფერენციაზე: თბილისი საერთაშორისო პარტნიორებთან პოზიციას აფიქსირებს

© Courtesy of Parliament of GeorgiaНნიკოლოზ სამხარაძე
Нნიკოლოზ სამხარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2025
გამოწერა
პარლამენტის სპიკერების რიგით მეექვსე მსოფლიო კონფერენცია ჟენევაში 29-31 ივლისის პერიოდში იმართება
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ჟენევაში პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია აქტიურ ორმხრივ შეხვედრებს მართავს, მათ შორის ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა შიდა პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიცია დააფიქსიროს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის სპიკერების რიგით მეექვსე მსოფლიო კონფერენცია ჟენევაში 29-31 ივლისის პერიოდში იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.
„ჩვენი დელეგაცია ყოველთვის იყენებს ამ პლატფორმას იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოდან მნიშვნელოვან მანძილზე მდებარეობენ და რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი არ გვაქვს“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს დელეგაციამ სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე რიჩარდ რასისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ორივე ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.
„ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სლოვაკეთის მხარდაჭერაზე. გამოვთქვით სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა არასწორად აფასებს მიმდინარე მოვლენებს და ეს ზიანს აყენებს ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოვაკეთი რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერად, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კი კვლავაც განვითარდება.
პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს დელეგაცია ოთხშაბათს შეხვედრებს გამართავს აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების სპიკერებთან - იმსჯელებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე.
„გვინდა, ევროპელმა პარტნიორებმა პირველ წყაროდან ზუსტად იცოდნენ, რა ხდება საქართველოში და რატომ არის ეს პროცესი შეჩერებული. მათ კანონებთან დაკავშირებითაც მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენცია არის ყველაზე მასშტაბური გლობალური შეკრება, რომელსაც ორგანიზებას უწევს საპარლამენტთაშორისო კავშირი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. კონფერენცია, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პარლამენტების თავმჯდომარეებს, რათა განიხილონ ძირითადი გლობალური გამოწვევები და პარლამენტების როლი მათ მოგვარებაში.
კონფერენციაში პარლამენტების 100-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს. სესიებზე განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების გაძლიერების საკითხებს. კონფერენცია დასკვნითი დეკლარაციის მიღებით დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0