აშშ-ის საელჩო: „მტკიცე სული 2025“ ნათლად ასახავს მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალას

© AFP 2024 / VANO SHLAMOVსამხედრო სწავლება Agile Spirit
სამხედრო სწავლება Agile Spirit  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2025
გამოწერა
„მტკიცე სული 2025“ 6 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურება. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული“ ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას. ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო ქვეყანაში ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების „მტკიცე სული“ გამართვას.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit), რომელიც წელს უკვე მეთორმეტედ ჩატარდება, 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნებში მონაწილეობას იღებს 13 ქვეყნის - საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები.
საელჩოს განცხადებით, სწავლების მიზანი პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობაა.
„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა! ცოტა ხნის წინ „Agile Spirit 2025"-ის წვრთნების ფარგლებში აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში „მტკიცე სული 2025“ ოფიციალურად 25 ივლისს გაიხსნა. სწავლებაში ჩართული ამერიკული მანქანები ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან ბორნით შემოვიდა, ფოთის პორტში გადმოიტვირთა და სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში განლაგდა. ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გავლით ჩავიდა.
ავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი დაკომპლექტებული იყო ამერიკული მაღალმობილური, მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანებით და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანმანქანებით, ქართული წარმოების „დიდგორით“ და „კობრით“.
„Agile Spirit 2025" რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება, კერძოდ: კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ვაზიანში – საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის პოლიგონებზე, ნორიოს საწვრთნელ არეალში, მუხროვანსა და სენაკში – მე-2 ქვეით ბრიგადაში.
„მტკიცე სული - 2025" მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
სწავლების მთავარი შემადგენელი კომპონენტებია სამეთაურო-საშტაბო ნაწილი, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკი-ვაზიანის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კომბინირებული სწავლება საბრძოლო სროლებით, სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი აქტივობები და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ვალიდაცია.
სწავლება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარდება. სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.
საქართველოში დაგეგმილ „Agile Spirit 2025"-ს ერთობლივად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია. დამკვირვებლებად იქნებიან წარმოდგენილი სომხეთისა და იაპონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
სწავლებაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა და საჰაერო საშუალებები. მასში მონაწილეობისთვის საქართველოში მოზიდულია აშშ-ის არმიის საბრძოლო მანქანები და მრავალფუნქციური ვერტმფრენები UH60 – „შავი ქორი“, ასევე თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში არსებული შვეულმფრენი „პუმა AS332“.
წვრთნები „Agile Spirit" 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია
ყველა ახალი ამბავი
0