საქართველო სლოვაკეთთან და კოლომბიასთან დიპურთიერთობებს აძლიერებს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2025
გამოწერა
კონსტანტინე ქვაჩაკიძემ და ზურაბ მჭედლიშვილმა მიმღები ქვეყნების პრეზიდენტებს რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველო აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას - ქართველმა დიპლომატებმა სლოვაკეთისა და კოლომბიის პრეზიდენტებს რწმუნებათა სიგელები გადასცეს და მაღალი დონის შეხვედრები გამართეს, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სლოვაკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე კვაჩაკიძემ ქვეყნის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინის რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს ქართულ-სლოვაკური ურთიერთობების აქტუალური საკითხები. სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ.
ანალოგიური ცერემონია გაიმართა კოლომბიაშიც. კოლომბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ზურაბ მჭედლიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კოლომბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს.
ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას.
„საქართველოს ელჩმა გამოხატა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი, როგორც პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებას, ასევე ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ასევე ესწრებოდა კოლომბიის საგარეო საქმეთა მინისტრი როსა იოლანდა ვილავისენსიო.
ყველა ახალი ამბავი
0