შეთავაზება ძალაშია - საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებაზე

© Courtesy of Parliament of Georgiaმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2025
გამოწერა
ყაველაშვილის თქმით, შეწყალება ოპოზიციისთვის შანსია, საკუთარი შესაძლებლობები აჩვენოს მოქალაქეებს, რომლებსაც არწმუნებენ, რომ ისინი მთავრობის წარმომადგენლებზე უკეთესი არიან.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ძალაში დატოვა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერებისთვის შეწყალების შესახებ შეთავაზება.
4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა რომ მზადაა შეიწყალოს მსჯავრდებული პოლიტიკოსები, თუ ისინი მზად იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში - დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის ოპოზიცის რვა ლიდერს კანონით გათვალისწინებული წესით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ეს არის შესაძლებლობა, თუ გამოიყენებენ. ჩემგან, რა თქმა უნდა, ეს შეთავაზება ძალაში რჩება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, შეწყალება ოპოზიციისთვის შანსია, საკუთარი შესაძლებლობები აჩვენოს მოქალაქეებს, რომლებსაც არწმუნებენ, რომ ისინი მთავრობის წარმომადგენლებზე უკეთესი არიან.
„როდესაც გვჭირდება ალტერნატიული ჯანსაღი აზრი, ეს უნდა მოდიოდეს ოპოზიციიდან. ოპოზიციის საქმიანობა ამას უნდა ემსახურებოდეს - საზოგადოებას შესთავაზოს უკეთესი, ვიდრე ის, რაც ხელისუფლებას აქვს... სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ოპოზიცია არ გვყავს. ისინი დაკავებული არიან მავნებლობით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის რვა ოპოზიციონერია გასამართლებული: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. თითოეულ მათგანს 7-დან 8 თვემდე თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
ყველა პირს, ვისაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ორი წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა, შესაბამისად ისინი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ოთხი ოპოზიციური პარტია, რომელთა ლიდერებიც ციხეში აღმოჩნდნენ, უარს აცხადებს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შეთავაზებაზე იმ პირობით, რომ ისინი დათანხმდებიან 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ოპოზიციური პარტიების ლიდერები არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რადგან ისინი არ აღიარებენ მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობას. ახლა კი ოპოზიცია უარს ამბობს შეწყალებაზე, რადგან პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
ყველა ახალი ამბავი
0