კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი: ყაველაშვილი ყოფილი მაღალჩინისნების დაკავებაზე

© photo: Sputnik / STRINGERმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2025
გამოწერა
სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული სქემის გამო დააკავეს უწყების სამი ჩინოსანი, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, მისასალმებელია, რომ ინსტიტუცია ასე კარგად ართმევს თავს მოვალეობას და გამოავლინა კორუფციული წყარო, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სუს-ის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე.
დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციული სქემის გამო დაკავებულია უწყების სამი ჩინოსანი, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა.
საქმე ეხება ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში, 2023 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1.333,728 ლარის გაფლანგვის ფაქტს - ხაინდრავა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე უწყების შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი იყო აღნიშნული დეპარტამენტის ელექტრონული შესყიდვების სამმართველოს უფროსი. 2024 წლის 8 თებერვალს ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა, 11 თებერვალს კი ახალმა მინისტრმა ხაინდრავა თანამდებობიდან გადააყენა.
„ჩვენი ამბიციაა, ვიყოთ მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მოწინავე ქვეყნების სამეულში... რა თქმა უნდა, ცდუნებები ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. მთავარია, როგორ რეაგირებს ჩვენი ინსტიტუციები“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც საქართველოში კორუფციის ნიშნები აღმოიფხვრება, უფრო მეტი დოვლათი შეიქმნა საქართველოში. საზოგადოებას სჭირდება, რომ თითოეულ მოქალაქეზე აისახოს გარკვეული სიკეთეები, დასძინა პრეზიდენტმა.
„სახელმწიფოს როლია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყოს აღმოფხვრილი. მისასალმებელია, რომ ასე კარგად დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ანტიკორუფციულმა სამსახურმა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
რას ედავებიან თავდაცვის უწყების ყოფილ მაღალჩინოსნებს
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ. დააკავეს.
უწყებიც ცნობით, საქმე ეხება 2023 წელს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 1.333,728 ლარის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე.
სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელთა ნაწილიც შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ბაზრის რეალური კვლევის ჩატარების გარეშე განახირციელეს. ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ.
გარდა ამისა, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვაში მონაწილეობა მიეღო მაშინდელი მინისტრის დაკავებულ ნათესავთან დაკავშირებულ საწარმოებს.
ამასთან, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა.
შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა.
გამოძიებით აგრეთვე დადგინდა, რომ საქართველოს თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებასსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0