საქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა
09:30 26.07.2025 (განახლებულია: 11:34 26.07.2025)
© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgia
გამოწერა
ტალიაშვილმა შეხვედრის სწრაფად ორგანიზებისთვის მადლობა აშშ-ის პრრზიდენტის ადმინისტრაციას გადაუხადა.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik.საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
„მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს“, - განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები გადასცა
© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgia
ტალიაშვილმა შეხვედრის სწრაფად ორგანიზებისთვის მადლობა აშშ-ის პრრზიდენტის ადმინისტრაციას გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო“, - განაცხადა ელჩმა.
გარდა ამისა, ელჩის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან და, მისი თქმით, ეს შეხვედრა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო- აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე", - განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
თამარ ტალიაშვილი
საქართველომ თამარ ტალიაშვილის ელჩად დანიშვნაზე თანხმობა აშშ-სგან 4 ივნისს მიიღო, 10 ივნისს საქართველოს მთავრობამ თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წარუდგინა. ტალიაშვილმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ოფიციალურად 10 ივლისს დაიკავა.
თამარ ტალიაშვილი 2022 წლის ოქტომბრიდან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. ამ თანამდებობაზე დანიშვნის გამო ტალიაშვილმა უარი თქვა პარლამენტის მანდატზე, რომელიც მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მიიღო.
ტალიაშვილი პარლამენტში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მოხვდა. 2014 წლიდან 2020 წლამდე ტალიაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი იყო. იგი განათლებისა და კულტურის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.