შუა დერეფნის გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობა იზრდება - ეკონომიკის სამინისტრო

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2025
გამოწერა
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შუა დერეფანზე ტვირთგადაზიდვები დაახლოებით სამჯერ გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა გრძელდება.
„მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით, ჩინეთისკენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ 9,849 TEU შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173%-ით მეტია (3,608 TEU)“,- ნათქვამია განცხადებაში.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი. დერეფნის მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საანგარიშო პერიოდში ასევე გაზრდილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაც, რომელმაც შეადგინა 9,393 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 59-ჯერ მეტია (160 TEU).
განსაკუთრებით გაიზარდა გადამუშავებული ტვირთებისა და კონტეინერების სტატისტიკა საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში.
ტვირთების მხრივ ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში ზრდამ 5,9 პროცენტი შეადგინა – აღნიშნულმა პორტებმა 2025 წლის 6 თვეში 7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს.
რაც შეეხება კონტეინერებს, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ორივე მთავარ ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 375,654 TEU შეადგინა, რაც წინა ანალოგიურ მაჩვენებელზე 19,5 პროცენტით მეტია.
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის გზით გადაზიდული ტვირთების ზრდის მაჩვენებელიც – 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 16,5 ათასი ტონა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57,6%-ით მეტია (10,5 ათასი ტონა).
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.
ყველა ახალი ამბავი
0