გახარიას პარტია და „ლელო" საარჩევნო კანდიდატებს 4 სექტემბრამდე წარადგენენ

საარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2025
გამოწერა
გახარიასა და ხაზარაძის პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლაზე შეთანხმდნენ.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველოს არჩევნებისთვის კანდიდატებს 4 სექტემბრამდე წარადგენენ, მანამდე კი საუკეთესო კანდიდატების შესარჩევად მაქსიმალურ ვადას გამოვიყენებთ, განაცხადა ოპოზიციურმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა.
14 ივლისს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
„იცით, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული „ლელოსთან“. ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით ერთმანეთს წინასაარჩევნოდ, არ დავაზიანებთ. ორივე პარტია ვცდილობთ, წინასაარჩევნოდ კანდიდატებად მოვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც იქნებიან პარტიულად და პოლიტიკურად ნეიტრალურები, რათა ყველა ამომრჩევლის და სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლის გემოვნება დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა ხვედელიანმა.
მისი ინფორმაციით, პარტიები პრიორიტეტს ნეიტრალურ კანდიდატებს მიანიჭებენ, რომლებიც მისაღები იქნებიან საზოგადოების სხვადასხვა წრისთვის.
„მიმდინარე პროცესია, ამისთვის 4 სექტემბრამდე გვაქვს ვადა. ჩვენი კანდიდატები იქნებიან ღირსეულები, რათა საბოლოოდ შევცვალოთ ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში დადგა“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
აღსანიშნავია, რომ პარტია „ლელოს“ ორივე დამფუძნებელი და ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში იმყოფებიან.
4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეიწყალოს მსჯავრდებული პოლიტიკოსები, თუ ისინი მზაობას გამოთქვამენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება. ამგვარად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსები კონკრეტულ რაიონი გამარჯვებისთვის.
ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, მხოლოდ ორი პარტიაა დარეგისტრირებული.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ახალი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", „ფედერალისტები".
ყველა ახალი ამბავი
0