პროკურატურამ „მთავარი არხის“ ფინანსების შესწავლა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2025
გამოწერა
1 მაისს ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყვიტა.
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.
1 მაისს ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყვიტა.
განჩინებები, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, ოფიციალურად ჩაბარდა შპს „მთავარი არხის“ და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს და მათ დოკუმენტების გადმოსაცემად მიეცათ გონივრული ვადა.
გამოძიება დაწყებულია ტელეარხზე ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.
„მთავარი არხის“ საქმე
2024 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ტელეარხის ერთ-ერთი დირექტორის, გოგი ქურდაძის მიერ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ TBC-ის გენერალური დირექტორისა და Bank Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძისა და იმ დროისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასადმი გაგზავნილი წერილები, რომელშიც იგი „მთავარი არხის“ სახელით TBC-ის მეშვეობით უკანონო გადარიცხვების შეჩერებას მოითხოვდა.
როგორც ქურდაძე ამტკიცებდა, მხოლოდ 2019-2024 წლებში, ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში „მთავარ არხში" შევიდა 8.475,000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული.
ამავე პერიოდში აღნიშნული თანხიდან უცხოეთში გადაირიცხა 2 მილიონი დოლარის სხვადასხვა ეკვივალენტის (დოლარში, ევროში და ფუნტში) თანხა.
გარდა ამისა, ქურდაძის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ კობა ნაყოფიას დავალებით, ფული შეაქვს ბანკში, რომელიც „ნიუ სეილსის“ მეშვეობით „მთავარი არხის" სახელით მიდის საზღვარგარეთ ან საქართველოში გაურკვეველი მიმართულებით.
ნიკა გვარამიას საქმე
გვარამია ტელეკომპანიის ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეში მანამდეც ფიგურირებდა.
2022 წლის 16 მაისს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხისა" და ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
მან ციხეში ერთი წელი გაატარა - ის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. 2024 წლის მარტში გვარამიამ „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად ოპოზიციური პარტია „ახალი" დააფუძნა.
გვარამია ამჟამად ციხეში იმყოფება. ივლისში სასამართლომ მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0