ირაკლი კობახიძე: აშშ-ის დამოკიდებულება კარდინალურად შეიცვალა, თუმცა უსამართლობა რჩება

© photo: Sputnik / Mariya Devakhinaაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2025
გამოწერა
ამჟამინდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ კარდინალურად შეიცვალა და შეჩერებულია ის უსამართლო მოპყრობა, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ გამოუსწორებია ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-მა შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და დააწესა სანქციები, მათ შორის მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუკეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, ხოლო უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მთავრობის სურვილი, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა შტატებთან სუფთა ფურცლიდან და აღნიშნა, რომ აშშ-ის ბოლო ელჩებმა საქართველოში ყველაფერი გააკეთეს ურთიერთობების გაუარესებისთვის.
„ბევრი რამ გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, მათ შორის, კონკრეტულმა ელჩებმა: დეგნანი, დანიგანი, რეალურად მათ სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის თვისებრივად გაუარესებაში, აქედან გამომდინარე, მათ მორალური უფლება არ აქვთ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ეხება“,- აღნიშნა პრემიერმა.
ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ თანამდებობიდან გადაყენებული ელჩი. როდესაც გადაყენებული ელჩი ჭორებით საუბრობს, ეს არასერიოზულია.
დანიგანის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და დიპლომატიური სამსახურის ნებაყოფლობითი დატოვების შესახებ ინფორმაცია 5 ივნისს გავრცელდა. დიპლომატის თქმით, თანამდებობის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და მისი გაწვევის შესახებ მოთხოვნა არ ყოფილა. დანიგანმა ივლისში დაასრულა თავისი მისია, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო.
დანიგანს საქართველოში მუშაობა კელი დეგნანის (2020-2023) შემდეგ მოუწია, რომელიც განსაკუთრებული კრიტიკის საგანი გახდა არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდანაც. მისი მოღვაწეობის დასაწყისში, დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, ქართული ოპოზიცია დეგნანს ივანიშვილის „რეჟიმის“ დახმარებაში ადანაშაულებდა. თეთრ სახლში ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, ელჩის რიტორიკაც შეიცვალა, რომელიც უკვე ღიად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას.
როგორც შედეგი, მმართველი პარტია აცხადებდა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ელჩი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით თავად ივანიშვილმა დაადასტურა. დეგნანს ასევე ადანაშაულებდნენ მოსამართლეებზე ზეწოლის მოხდენასა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებაში.
მძიმე მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, დანიგანმა ვერ დაალაგა ურთიერთობები მთავრობის წევრებთან და არაერთხელ გამხდარა კრიტიკის და სხვადასხვა სკანდალის ობიექტი.
საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს“.
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. „ქართულ ოცნებას“ ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ამასობაში, არაერთი ამერიკელი კანონმდებლისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლის მხარდაჭერით, აშშ-ის სენატში განიხილება ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ინიცირებული MEGOBARI აქტი. ის ითვალისწინებს მკაცრ შემზღუდავ და სადამსჯელო ზომებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ მონაწილეობდა. ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0