მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი დანით მოკლა: დის მკვლელობისთვის კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

CC BY 2.0 / meesh / barring freedomციხის დერეფანი
ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2025
გამოწერა
მანამდე რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ცვლილება შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში, რომლის მიხედვით დის მკვლელობისთვის 24 წლის მამაკაცს 18 წლით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.
გამოძიების მიხედვით, მსჯავრდებული 29 წლის დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.
„აღნიშნულის გამო 2024 წლის 16 მაისს ბრალდებულმა გარდაბანში დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
ყველა ახალი ამბავი
0