როგორია თბილისში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული ქალის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Barbara Gertier / გადასვლა მედიაბანკშიპაციენტი კლინიკაში
პაციენტი კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2025
გამოწერა
„გლობალ მედის“ საუნივერსიტეტო კლინიკის გენდირექტორის განცხადებით, პაციენტი კონტაქტურია, მას თხემის ძვლის მოტეხილობა უფიქსირდება
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისში, „სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 49 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
14 ივლისის დღის მეორე ნახევარში თევდორე მღვდლის N10-ში მდებარე კორპუსის პარაპეტი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 2 პირი, ერთი დაშავებული კი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.
„პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალა-სარქვლის მოტეხილობა. კონკრეტულად, თხემის ძვლის მოტეხილობა საგიტალური სინუსის მიმდებარედ. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა „გლობალ მედის“ საუნივერსიტეტო კლინიკის გენდირექტორმა სოფიო ბაბუციძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ნეიროქირურგის რეკომენდაციით პაციენტს დღეს კომპიუტერული ტომოგრაფია განმეორებით ჩაუტარდება და დაკვირვების შედეგად გადაწყდება საჭირო იქნება თუ არა ქირურგიული ჩარევა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია გვიან, ღამით დაასრულა - საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ სასტუმროებში გადაიყვანა - კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებშია.
როგორც გუშინ შემთხვევის ადგილზე მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნულ კორპუსს მინიჭებული ჰქონდა მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. მისი თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა ვერ იქნა მიღწეული.
მუნიციპალიტეტი მოლაპარაკებებს განაახლებს მოსახლეობასთან, რათა კორპუსის ყველა მობინადრისგან მიიღოს სრული თანხმობა ავარიული შენობის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0