სისხლზე აგებული პარლამენტი: სააკაშვილის ამბიციური პროექტი ქუთაისში - ვიდეო

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა, თბილისიდან ხელისუფლების ცენტრის გადატანის კონცეფციის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. სააკაშვილისთვის ეს პროექტი სიმბოლურიც იყო – საბჭოთა წარსულთან საქართველოს კავშირის გაწყვეტის ნიშანი
შენობის ფუტურისტული დიზაინის ავტორი იმ პერიოდის ცნობილი ესპანელი არქიტექტორი ალბერტო დომინგო იყო. პროექტი ითვალისწინებდა შენობის მთლიანი კომპლექსის მშენებლობას - არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ სასტუმროს, სხვა ობიექტებისა და პარკის შექმნასაც.
სააკაშვილის მთავრობის მონაცელებით, პარლამენტის შენობის მშენებლობა 133 მილიონი ლარი დაჯდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რეალური ხარჯები დამალული იყო და დაასახელეს სხვა რიცხვი – 340 მილიონი ლარი.
შენობის მშენებლობას წინ უძღოდა ტრაგიკული ისტორია – ამ ადგილზე იდგა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა „დიდების მემორიალი“, რომლის აფეთქებაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ. 1981 წელს გახსნილი გიგანტური მონუმენტის ავტორები იყვნენ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი და არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი.
მონუმენტი იყო იმ 700 ათასზე მეტი ქართველის გმირობის სიმბოლო, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში წავიდნენ. მემორიალის აფეთქებისას, 2009 წლის 19 დეკემბერს, დაიღუპა 8 წლის გოგონა და მისი დედა – მათ ბეტონის ნამსხვრევი 273 მეტრის სიშორიდან მოხვდათ.
მოგვიანებით, უკვე მშენებლობის პროცესში, ახალი ტრაგედიაც მოხდა – 2012 წლის 7 ივნისს ხარაჩოების ჩამონგრევისას მუშა დაიღუპა. ადგილობრივი მედია 20-ზე მეტ დაშავებულზე წერდა, თუმცა ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, პარლამენტის პირველი სხდომა ჯერ კიდევ დაუსრულებელ შენობაში 2012 წლის 26 მაისს გაიმართა. იმავე დღეს იქ, პირველად და უკანასკნელად ჩატარდა სამხედრო აღლუმი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
თუმცა, ექს-პრეზიდენტის ამბიციური გეგმები ვერ განხორციელდა – ახალმა ხელისუფლებამ პარლამენტის თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. 2018 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლითაც საბოლოოდ განისაზღვრა, რომ პარლამენტის ადგილი დედაქალაქია. 2019 წლის იანვარში პარლამენტი ოფიციალურად გადავიდა თბილისში, რადგანაც ქუთაისში მუშაობა არაეფექტურად ჩაითვალა.
წლების განმავლობაში შენობა თითქმის მიტოვებული იყო, თუმცა ახლა, უცხოელი პარტნიორების დახმარებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მას ახალი სიცოცხლე მისცეს – შენობაში ტექნოჰაბის გახსნა იგეგმება. უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც შენობას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრად გადააქცევს.
ყველა ახალი ამბავი
0