„მაპატიეთ“ თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერილი წერილი

© photo: Sputnik / Stringerთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2025
გამოწერა
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ახლობლებს პატიებას სთხოვს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც სამედიცინო პერსონალმა მის ტანსაცმელში იპოვა.
7 ივლისს, გამთენიისა რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საგარეჯოში კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანია დაკავებული. მედიის ცნობით, ინციდენტის დროს რიჟვაძე ახვლედიანის დედის სახლში იმყოფებოდა. რიჟვაძემ თავისი საქციელის მიზეზად კორუფციისა და ნარკომოვაჭრეთა მფარველობის ბრალდება დაასახელა, რასაც ის და მამამისი მთელი ცხოვრება ებრძოდნენ.
„დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში. დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ”, -დაწერა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ექს-მეთაურმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა და სთხოვა დაიცვან მისი ოჯახი.
„ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, - აღნიშნულია წერილში.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
შსს-ს ცნობით, რიჟვაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. მოგვიანებით, ის საგარეჯოდან თბილისში გადაიყვანეს, სადაც ის პირველ უნივერსიტეტის კლინიკაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, განაცხადა სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა. რიჟვაძეს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.
ვინ არის თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობა ამა წლის 4 აპრილს დატოვა. ის 2016 წლის დეკემბრიდან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა და ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც.
2014-2016 წლებში რიჟვაძე აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი იყო.
2013-2017 წლებში ის იყო „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (აჭარის წყლები) იურიდიულ საკითხებში მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო.
რიჟვაძე 36 წლისაა. განათლება საქართველოში და საზღვარგარეთ აქვს მიღებული. 2012-2013 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „ჩივნინგის“ Chevening Scholarships) სტიპენდიანტი, შემდეგ საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი გახდა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ყველა ახალი ამბავი
0