GCCA: ბოლო ექვს თვეში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 67 ფაქტი დადასტურდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმომხმარებლები სუპერმარკეტში
მომხმარებლები სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2025
გამოწერა
კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წელს ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. 2025 წლის ექვს თვეში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 109 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 67 დარღვევის ფაქტი დაადასტურა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 2025 წლის ექვს თვეში 602 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2 ათასს გადააჭარბა. შემოსული განცხადებების რაოდენობა 48%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 34 მოვაჭრეს 68 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 30 ათას ლარამდე ოდენობით.
უწყების ცნობით, მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 90 საქმეზე 83 შეთანხმება გაფორმდა. კერძოდ, მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
2025 წელს მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% - ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 80%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5%, აჭარა 4%, კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები.
ექვსი თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 204, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 176, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 111, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 35, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 24, ხოლო სხვა დანარჩენზე - 52 განაცხადი.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა - 16%-ს.
2024 წლის სექტემბერში კონკურენციის სააგენტო დასახელდა მსოფლიო ბანკის გამარჯვებულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, განაცხადების ეფექტური განხილვისა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად პრობლემის გადაჭრისთვის.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველო პროგრესს აღწევს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და ევროკომისიის 2023 წლის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია. კერძოდ, ქვეყანას აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.
ყველა ახალი ამბავი
0