2025 წლის სეზონზე მოცვის მწარმოებლები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ

© Pixabay / Free-Photosმოცვი
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2025
გამოწერა
ლურჯი მოცვი საქართველოსთვის შედარებით ახალი კულტურაა, რომლის კულტივიზაციას სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სეზონზე მოცვის მწარმოებლები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
ბოლო წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალშემოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენდა იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი გახდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
„2025 წელს თებერვალში დიდთოვლობამ დააზიანა სექტორი, ამიტომ გაჩნდა საჭიროება რომ მოცვის მწარმოებლებს ხელი შეეწყოს აგროვადების გათვალისწინებით დროულად გაატარონ შესაბამისი სამუშაოები ბაღებში“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სესხები გაიცემა მოცვის მწარმოებლებზე, რომელთა ბაღები მდებარეობს იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში.
მოცვის მწარმოებლებს შეეძლებათ შეღავათიანი აგროსესხი გამოიყენონ პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ასევე შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების და მიწისა და წყლის ლაბორატორიული ანალიზის საფასურის დასაფარად.
„სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 10 ათასი ლარიდან არაუმეტეს 100 ათას ლარამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლურჯი მოცვი საქართველოსთვის შედარებით ახალი კულტურაა, რომლის კულტივიზაციას სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს.
ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 2019 წელს დაიწყო და ყოველ წელს ორმაგდება როგორც რაოდენობის, ისე თანხის მხრივ. საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2024 წელს მოცვის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 28,2 მლნ დოლარი.
მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი არიან აშშ და ჩინეთი, ხოლო უმსხვილესი ექსპორტიორები - პერუ, ჩილე, ესპანეთი, კანადა და ნიდერლანდები. სწორედ ეს ხუთი ქვეყანა განსაზღვრავს საექსპორტო ფასს მთელ მსოფლიოში.
სოფლის განვითარების სააგენტო პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 წლიდან ახორციელებს. მისი ძირითადი მიზანია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული მეწარმეებისთვის – იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
ყველა ახალი ამბავი
0