ცესკომ გახარიას პარტიის რვა წევრის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა და პარტიული სიიდან ჩახსნა

© Sputnik / Alex Shlamovცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2025
გამოწერა
გახარიას პარტიაში განმარტავენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილება თვითმმართველობის არჩევნებთანაა დაკავშირებული.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ რვა წევრს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა და პარტიული სიიდან ჩახსნა.
უწყენის განცხადებით, პარტიის წევრებს საარჩევნო რეგისტრაცია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას 24 ივნისის განცხადების საფუძველზე გაუუქმდათ.
კერძოდ, ცესკომ გააუქმა „გახარია საქართველოსთვის“ მიერ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიული სიით წარდგენილი პარლამენტის წევრობის შემდეგი კანდიტატების - ელგუჯა ხოკრიშვილის, კახა ნურალიძის, ვახტანგ ფაჩულიას, ერეკლე დუმბაძის, გოჩა ტყეშელაშვილის, კოკა კობალაძის, ნიკოლოზ ამირხანაშვილისა და ოთარ შალიკიანის -საარჩევნო რეგისტრაცია.
გახარიას პარტიაში განმარტავენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილება თვითმმართველობის არჩევნებთანაა დაკავშირებული. მათი განცხადებით, აღნიშნული პირებიდან ზოგიერთი თბილისში, ნაწილი ქუთაისში და სხვა ქალაქებში იქნებიან პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები.
დღეს პარლამენტმა პარტია „საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა - ოპოზიციური პარტიის წევრებმა 26 სხდომიდან 26-ვე არასაპატიო მიზეზით გააცდინეს.
გახარიას პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 7,8% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში 12 ადგილი მოიპოვა. პარტია პარლამენტში მოხვდა, მაგრამ პირველივე დღიდან ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა და საპარლამენტო საქმიანობას იგნორირებას უკეთებდა.
გამომდინარე იქიდან, რომ პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ გააუქმა თავისი სია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იმ დეპუტატებს, რომელთა უფლებამოსილებაც შეწყდა, სიის მომდევნო წევრები ჩაანაცვლებენ.
პარტია „საქართველოსთვის“ ზღვარგადალახული ბოლო ოპოზიციური პარტია იყო, რომელიც პარლამენტში რჩებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0