რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭო Sputnik-ის თანამშრომლების გათავისუფლებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Constantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2025
გამოწერა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს მუდმივი კომისია საინფორმაციო სფეროში სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ იმ ჟურნალისტების დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებიც ბაქოში დააკავეს, წერს საბჭო Telegram-არხზე.
მანამდე თავად „როსია სეგოდნიამ“ მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი თანამშრომლების გათავისუფლებისა და „მიუღებელი ვითარების“ სასწრაფოდ დარეგულირებისკენ.
„ადამიანის უფლებათა საბჭოს მუდმივი კომისია საინფორმაციო სფეროში მხარს უჭერს მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ განცხადებას „Sputnik აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელების დაკავებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს ბაქოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი“, — ნათქვამია განცხადებაში.
ორშაბათს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სააგენტო Sputnik-ის ბაქოს ოფისში „ოპერაცია" ტარდებოდა. მოგვიანებით სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქოელმა ძალოვნებმა, აბსურდული ბრალდებებით, რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და შეფ-რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე „ეფ-ეს-ბეს აგენტები“ არიან.
როგორც რუსული მედია წერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ სააგენტო Sputnik-ის მუშაობის შეწყვეტა სურდა რესპუბლიკაში. თუმცა, როგორც თავად რედაქციაში განმარტეს, მუშაობის აკრძალვაზე არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენდირექტორმა დმიტრი კისელიოვმაც, რომლის თქმითაც, ყველა ფორმალური საკითხი რუსეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის შეთანხმების ხელმოწერით უნდა მოგვარებულიყო.მისი ინფორმაციით, ამ თემაზე მოლაპარაკება პრეზიდენტ ალიევის წარმომადგენელ ხალაფოვის მოსკოვში ვიზიტისას შედგა, საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც თავად კისელიოვიც ესწრებოდა, და რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „Sputnik აზერბაიჯანი“ ბაქოში მუშაობას ბაქოსავე მიერ შეთავაზებული დროებითი იურიდიული სქემით განაგრძობდა.
ყველა ახალი ამბავი
0