მეტროს სადგური „ვარკეთილი" 45 დღით დაიკეტება

© photo: Sputnik / Stringerმეტრო „ვარკეთილი"
მეტრო „ვარკეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2025
გამოწერა
აღნიშნული მეტროს სადგურის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროს სადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია.
„შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით. შემდეგ გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მეტროს სადგურ „ვარკეთილის" რეაბილიტაციის პროექტი შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები გარკვეული ვადით შეფერხების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა სადგურის მოსაცდელი ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შედეგად, უშუალოდ რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის მდგრადობის დამატებითი კვლევების აუცილებლობა, რაც მოთხოვნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.
მისი თქმით, მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეო-ტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა.
კვლევების შედეგების საფუძველზე კი მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის. დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა მეტროს სადგურ „ვარკეთილის" მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.
„ვარკეთილის“ მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 ათასი ლარი დაჯდა. პროექტზე შპს „ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის იანვარში რეაბილიტირებულ „ვარკეთილის" სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა.
მაშინ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სამუშაოების შესრულების ბრალდება შპს „გეომეფის" აღმასრულებელ დირექტორს, ასევე შპს „ყვარელმშენის" მენეჯერსა და მთავარ ინჟინერს წარედგინა.
2022 წელს მეტროს სადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მალევე გაწყდა.
ამის შემდეგ, 2023 წლის თებერვალში მეტროს სადგურ „ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „ბადა კონსტრაქშენთან” გაფორმდა. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. არსებული ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა.
მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები წელიწადზე მეტია შეჩერებულია.
ყველა ახალი ამბავი
0